უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის ანდრეი პაველკოს განცხადებით, ეროვნული ნაკრების ფორმაზე უეფასთან შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას Unian ავრცელებს.
როგორც უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში ამბობენ, ლოზუნგი "დიდება გმირებს" ნაკრების მაისურზე დარჩება, თუმცა დიზაინის ახალი ელემენტის უკან განთავსდება.
პაველკოს თქმით, მოლაპარაკებები საკმაოდ რთული იყო და რამდენჯერმე ჩიხშიც შევიდნენ. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში კომპრომისს მიაღწიეს.
უკრაინის ნაკრების მაისურებზე დარჩება ორივე წარწერა - "დიდება უკრაინას" და "დიდება გმირებს". მაისურებზე, ასევე იქნება უკრაინის რუკაც.
პაველკო განმარტავს, რომ უეფას ახალი გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას მაისურს შიდა მხარეს კიდევ ერთი ელემენტი დაემატება - ნაკრების სიმბოლო რუკასთან ერთად: სამკაპი და წარწერა "დიდება უკრაინას". ლოზუნგი "დიდება გმირებს" განთავსდება ქვეყნის რუკის ცენტრში.
პაველკოს თქმით, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ უეფა დაარწმუნა, რომ წარწერები "დიდება გმირებს" და "დიდება უკრაინას", ასევე გერბი, ქვეყანაში ფეხბურთის სიმბოლოებია.
ევროპის ჩემპიონატისთვის უკრაინამ ეროვნული ნაკრების ახალი ფორმა წარადგინა, რომელზეც ქვეყნის კონტურებია დატანილი. ასევე, ფორმაზე არის წარწერები "დიდება უკრაინას" და "დიდება გმირებს".
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ნაკრების ამ ახალმა ფორმამ კრემლის გაღიზიანება გამოიწვია, რადგან რუკის კონტურებში ანექსირებული ყირიმიც არის მოქცეული. დუმის დეპუტატებმა UEFA-სგან ფორმის აკრძალვაც მოითხოვეს. ყოფილმა მოკრივემ ნიკოლაია ვალუევმა განაცხადა, რომ "ეს უკრაინის მხრიდან სპორტის პოლიტიზირების მცდელობაა".
ოფიციალური მოსკოვის ჩივილის შემდეგ UEFA-მ უკრაინას მიუთითა, რომ ფორმა შეცვალონ. UEFA-ს გადაწყვეტილებით, უკრაინის ნაკრების მაისურზე რუკის კონტურები შეიძლებოდა დარჩენილიყო, მაგრამ ფრაზა "დიდება გმირებს" უნდა წაეშალათ.
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.
ევროპის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და ის 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. თამაშები 11 სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება, მათ შორის სანკტ-პეტერბურგშიც, რომელიც მეოთხედფინალურ მატჩს უმასპინძლებს.